English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
ეკონომიკური კლება ეკონომიკური განვითარების თანამდევი პროცესი

ანოტაცია. ეკონომიკური განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი არსებობს. თანამედროვე ეტაპზე სწორედ ეკონომიკური განვითარება განსაზღვრავს ეკონომიკური ზრდის თავისებურებებს. ეკონომიკური განვითარება იძლევა ეკონომიკური ზრდის არნახულ შესაძლებლობებს. მაგრამ, ეკონომიკური განვითარება, ამავე დროს, შესალებელია, ზრდის ტემპების შემცირებისკენაც იყოს მიმართული. ეკონომიკური განვითარების ამ მოქმედებას „ეკონომიკურ კლებას“ ვუწოდებთ, ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ეკონომიკური კლება არის ეკონომიკური განვითარების თანამდევი პროცესი და, რომ იგი პრგრესუი მოვლენაა, ვინაიდან ასეთ პირობებში მაღლდება როგორც კეთილდღეობის დონე, ისე ქვეყნის სიძლიერე, ამის შესაძლელობას იძლევა თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების, მასალა და ენერგოტევადობის შემცირების, პროდუქციის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესება და სხვა თვისებრივი ცვლილებები ეკონომიკაში.

საკვანძო სიტყვები. ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური კლება. 

ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა 

ეკონომიკური განვითარების არსი ყველაზე კარგად ეკონომიკურ ზრდასთან მის შედარებაში ვლინდება.

განსხვავებას ზემოაღნიშნულ ამ ორ კატეგორიას შორის თვით მათი გამომსახველი სიტყვების მნიშვნელობები გამოხატავს. სიტყვა “ზრდა” ნიშნავს რაიმეს სიდიდეში მომატებას ან რაოდენობის გადიდებას. შესაბამისად, იგი დაკავშირებულია საგნის ან მოვლენის მხოლოდ რაოდენობრივ ცვლილებასთან მატების მიმართულებით. სიტყვა “განვითარება” კი ნიშნავს რაიმეს ერთი თვისებრივი  მდგომარეობიდან მეორე, უფრო სრულყოფილ თვისებრივ  მდგომარეობაში გადასვლას. მაშასადამე, იგი გამოხატავს საგნის ან მოვლენის  თვისებრივ ცვლილებას სრულყოფის მიმართულებით. ამდენად, ეკონომიკური ზრდა არის ეკონომიკის მატების, მისი მასშტაბების გადიდების პროცესი. ეკონომიკური განვითარება კი ეკონომიკის ახალ, თვისებრივად უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლის პროცესი.

მაშასადამე, ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება პროგრესული თვისებრივი, ხოლო ეკონომიკურ ზრდას მხოლოდ რაოდენობრივ ცვლილებები მატების მიმართულრბით. ამ ორ პროცესს შორის განსხვავების ნათელ, პრიმიტიულ მაგალითად გამოგვადგება ტრანსპორტის დარგი. რაოდენობრივ ზრდას ასახავს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა დღეს და წარსულში (რომელიც დღეისათვის შეუდარებლად მეტია), ხოლო განვითარებას მათი სახეობები და მახასიათებლები წარსულში (მარხილები, ურმები, ეტლები, და სხვ.) და დღეს (ავტომობილები, მატარებლები გემები, თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები   და სხვა) [Шумпетер Й. 2007].

ეკონომიკური განვითარება დაკავშირებულია მუდმივ  განახლებასთან. ამ დროს მოხმარებიდან გადის ძველი და შემოდის ახალი პროდუქტები, ტექნოლოგიები, ფიზიკური კაპიტალი, ინსტიტუციები და ა. შ.

ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის განსხვავება სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის კავშირი (თანაც სიღრმისეული) არ არსებობს. თუნდაცის ფაქტი, რომ რაოდენობრივი ცვლილება საბოლოოდ გადადის თვისებრივ ცვლილებაში, მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა განვითარების ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია. მაგალითად, ინდუსტრიული საზოგადოების გადასვლა პოსტინდუსტრიულში ვერ მოხდებოდა შესაბამისი რაოდენობის ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალის, გამომუშავებული პროდუქციის, შრომითი და ბუნებრივი რესურსების და ა. შ.  გარეშე. ასევე ეკონომიკური ზრდის პირობებში მეტი შესაძლებლობებია ინოვაციური პროცესების დასაფინანსებლად, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ეკონომიკურ განვითარებას აქვს. თუ არა თვისებრივი ცვლილები ეკონომიკური სისტემის ელემენტებში, ადამიანთა საზოგადოება ვერ მიაღწევდა განვითაეების დღევანდელ დონეს. ეკონომიკური განვითარება ეკონომიკის არა მხოლოდ თვისებრივი სრულყოფის, არამედ გრძელვადიან პერიოდში მისი შემდგომი რაოდენობრივი ზრდის განუსაზღვრელ პირობებს ქმნის.

ეკონომიკური განვითარება ემსახურება ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას. იგი გამუდმებით იწვევს კომფორტის ზრდას ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში და ყოფაცხოვრებაში.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ რატომაა ეკონომიკური განვითარების დონე მკვეთრად განსხვავებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რატომაა, რომ ერთ ქვეყანაში მეტია საყოფაცხოვრებო პროდუქტები, უკეთესია სამედიცინო მომსახურება, მეტია განათლების მიღების შესაძლებლობა და ა.შ., ვიდრე მეორეში, რომ უძველეს ხანასა და შუა საუკუნეებში მაღალგანვითარებული ქვეყნები (მაგალითად, ინდოეთი) დღეისათვის ნაკლებგანვითარებულნი, ხოლო ჩამორჩენილი ქვეყნები (მაგალითად, ჩრდილო ამერიკა) ყველაზე მოწინავენი არიან. პასუხი, რასაკვირველია, ერთია, იმიტომ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. მაგრამ, ეს პასუხი მოვლენის მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა, ვინაიდან ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერიოდში სწორედ ეკონომიკური განვითარების პროცესები განსაზღვრავს. ეს პროცესები კი მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური სისტემის შიგნით, მისი შემადგენელი ელემენტებისა და ამ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილების შედეგად. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური განვითარების პროცესი არის  ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე იმ ცვლილებების პროცესი, რომლებიც ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას განაპირობებენ. ეს კი ხორციელდება როგორც შიგა, ისე გარე ფაქტორების გავლენით ეკონომიკაზე. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით (შექმნეს სრულყოფილი ინსტიტუციები და პროდუქციის ახალი სახეობები, გააუმჯობესეს ტექნოლოგიები და წარმოების ორგანიზაციის ფორმები და მეთოდები, მოახდინეს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფა და ა.შ.), შეძლეს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა. ხოლო იმ ქვეყნებს, რომელთაც ვერ განახორციელეს მსგავსი გარდაქმნები, ნაკლებად განვითარებული საბაზრო ეკონომიკა აქვთ.

ეკონომიკურ განვითარებას, საბოლოო ანგარიშით, უნდა მოჰყვეს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლის ზრდაში, არამედ მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების თანდათან გათანაბრებასა და კომფორტის ზრდაში.

მიუხედავად ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის სიღრმისეული კავშირისა, ისინი შეიძლება არსებობდნენ ერთმანეთის გარეშეც. ამის კარგი მაგალითია ინდუსტრიალიზაციამდელი ეკონომიკური სისტემების არსებობა, რომელის დროსაც მასშტაბების გადიდება ათასწლეულების მანძილზე თითქმის ეკონომიკური განვითარების გარეშე ხდებოდა. ეკონომიკური განვითარების არსებობაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის გარეშე, უფრო მეტიც, ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც კი. ეკონომიკური განვითარება გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლებელია, დაქვეითების გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის (ეკონომიკის თვისებრივი სრულყოფის) პროცესი, რომელიც ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური დაქვეითების პირობებში მიმდინარეობდა ძველი ეკონომიკური სისტემის ელემენტები  (საკუთრების ფორმები, ტექნოლოგიები, ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი, ინსტიტუციები) იცვლებოდა ახალი, პროგრესული ელემენტებით [აბესაე რ. 2014]. 

ეკონომიკური კლება 

ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორია, მაგრამ იგი ეკონომიკური ზრდის შენელებისკენაცაა მიმართული, რასაც განაპირობებს:

  1. კონკურენცია აიძულებს მეწარმეებს, აამაღლონ მწარმოებლურობა და გააიაფონ პროდუქცია (აქეთაა მიმართული სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკაც), რაც ამცირებს პროდუქციის ზრდის ტემპებს ღირებულებითი ფორმით. მაგალითად, კომპიუტერის ღირებულება ყოველწლიურად 10 პროცენტით მცირდება 1981 წლიდან [Olivier Blanchard… 2010];
  2. წარმოების პროცესში იცვლება ასევე პროდუქციის ფიზიკური მახასიათებლებიც. წარმოებული პროდუქციის მასა ხდება უფრო “მსუბუქი” (მაგალითად, ლითონის დეტალების შეცვლა პლასტმასის დეტალებით, და ა.შ.), რაც ასევე ამცირებს პროდუქციის ზრდის ტემპებს ღირებულებითი ფორმით;
  3. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ამა თუ იმ სახეობის პროდუქციის რაოდენობრივ კლებასაც (მაგალითად, ქსეროქსის, სკანერისა და პრინტერის ერთ კომბაინში გაერთიანება, და მრავალი სხვ.), რაც, ბუნებრივია, აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებაზე შემცირების მიმართულებით;
  4. არსებული რესურსების შეზღუდულობა მოითხოვს არაგანახლებადი ბუნებრივი წყაროები გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა შევძოლთ რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ისინი (მასალა- და კაპიტალტევადობის, ენერგოტევადობის შემცირება და ა. შ.) მაგალითად, კომპიუტერის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მოხმარებული რესურსების რაოდენობას ადამიანთა საქმიანობის მრავალ სფეროში (საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ბიბლიოთეკები, არქივი და ა. შ.)) რაც, ასევე აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებაზე შემცირების მიმართულებით;
  5. მდგრადი ეკონომიკური განვითარება ანუ საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთკავშირი მოითხოვს ეკონომიკის ზრდა შეესაბამებოდეს ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების პროცესებს, რაც დღემდე მნიშვნელოვნად ირღვევა და რასაც არა ერთი გლობალური ხასსიათის ნეგატიური პრობლემა წარმოშვა. მაშასადამე, განახლებადი რესურსები უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების კანონზომიერებები არ დაირღვეს. ცხადია, ეს მოთხოვნაც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებისაკენ;
  6. ეკონომიკური განვითარება აძლიერებს რა ქალთა ემანსიპაციას ამცირებს შობადობას და, მაშასადამე, მოსახლეობის ზრდის ტემპებს, რაც ასევე მიმართულია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებისაკენ;
  7. ეკონომიკური განვიარების პროცესში სახსრების დიდი ნაწილი მიედინება ბუნების დაცვის ღონისძიებებზე, რაც ასევე ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს.

მაშასადამე, ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ეკონომიური განვითარების დაჩქარებითაცდა იგივედ ჩაითვლება ნეგატიურ მოვლენად, ვინაიდან ასეთ პირობებში მაღლდება როგორც კეთილდღეობის დონე (იზრდება ცხოვრების კომფორტი), ისე ქვეყნის სიძლიერე (მაგალითად, სამხედრო სიძლიერე იზრდება თვისებრივად ახალი იარაღის გამოყენებით, რომელიც ცვლის მრავალ ძველ იარაღს, არსენალიდან იხსნება რა ძვირადღირებული შეიარაღება, ინერგება ბრძოლის ახალი, უფრო პროგრესული და ამასთან იაფი საშუალებები და ფორმები). ადამიანთა ცხოვრების დონისა და ქვეყნის სიძლიერის ზრდა ამ შემთხვევაში ხდება თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების, მასალა და ენერგოტევადობის შემცირების, პროდუქციის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესებისა და სხვა თვისებრივი ცვლილებების შედეგად.

ეკონომიკური განვითარების შედეგად გამოწეულ ეკონომიკური ზრდის შემანელებელ მოქმედებას შესაძლებელია “ეკონომიკური კლება” ვუწოდოთ, რაც ძირეულად განსხვავდება “ეკონომიკური დაქვეითებისაგან”, ვინაიდან უკანასკნელი კრიზისული, უარყოფითი პროცესებითაა განპირობებული (რასაც უარყოფით შედეგებთან მივყავართ), ხოლო პირველი – დადებითი პროცესებით (რასაც მოსახლეობის კომფორტიისა და ქვეყნის სიძლიერის ზრდასთან მივყავართ). მაშასადამე, ეკონომიკური ზრდის რეალური სურათის შესაფასებლად საჭიროა მისი კორექტირება ზრდის მიმართულებით. მაგრამ ამის ზუსტი გაზომვა რაოდენობრივად შეუძლებელია, ვინაიდან იგი დაკავშირებულია თვისებრივ ცვლილებებთან ეკონომიკაში. ამიტომ, ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია თვისებრივ მაჩვენებელთა გამოყენებაც. მაგალიად: საკუთრების ფორმების ცვლილება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; საწარმოთა რესტრუქტურიზაცია; საწარმოთა პრივატიზება; საწარმოთა რეკონსტრუქცია-გადაიარაღება; ინსტიტუციური ცვლილებები; ინოვაციებზე გაწეული ინვესტიციების ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო მოცულობაში; განათლებაზე გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში; მეცნიერების განვითარებაზე გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში; განათლების დონე; პროგრესული სტრუქტურული ცვლილებები; ბიზ­ნეს­ის, ვაჭრობის, ინვესტიციების განხორციელების თავისუფლება; მესაკუთრის უფლებათა დაცვა და სხვ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ. 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბილისი, “თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”.
  2. Шумпетер Й. 2007. Теория экономического развития. М. "Эксмо", 2007.
  3. Olivier Blanchard, Alessia Amighini, Francesco Giavazzi. 2010. MACROECONOMICS. A EUROPEAN PERSPRCTIVE,  617 pages https://faculty.ksu.edu.sa/sites/ default/files/macroeconomics_olivier_blanchard.pdf